BLCU-ში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართა
2024 წლის 19 სექტემბერს, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში (BLCU) შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე და საელჩოს თანამშრომლები.
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნული ინიციატივა ამ ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები, ქართველი სტუდენტები და ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები. ელჩის მოწვევით ცერემონიას ასევე დაესწრო პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის ქართული ენის პედაგოგი, პო იენი.
აღსანიშნავია, რომ ქართველი პოეტის ბიუსტი უნივერსიტეტის კამპუსის ცენტრალურ ნაწილში, საკონფერენციო დარბაზთან, „ცივილიზაციების კომუნიკაციის სკვერში“ განთავსდა.
