ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ჩინეთ-ევროპის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის (CEATEC) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 20 იანვარს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთ-ევროპის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის (CEATEC) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანთან, ლუ მეიჭენთან (Lu Meizhen).
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავება მაღალი ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში, მათ შორის CEATEC-ის ქარის, მზის, წყალბადის და ენერგიის შენახვის მიმართულებებით.
ელჩმა პაატა კალანდაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მწვანე ენერგეტიკის პოტენციალს და ჩინური ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ინტერესს ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზაციისთვის.
ლუ მეიჭენმა დაადასტურა ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა და ჩინური წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების საქართველოს ენერგეტიკული ბაზრით დაინტერესების ხელშეწყობა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ეკონომიკური ფორუმებისა და თემატური სემინარების ორგანიზების მიზნით მჭიდრო კოორდინაციაზე.
