საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა ჩინეთ-ევრაზიის სასაქონლო და სავაჭრო გამოფენის ორგანიზატორებთან
2025 წლის 3 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა ჩინეთ-ევრაზიის სასაქონლო და სავაჭრო ექსპოს საორგანიზაციო ადმინისტრაციის გენერალური მდივნის მოადგილე, იინ შუიანთან.
გამოფენის ადმინისტრაციის წარმომადგენელებმა ელჩს გააცნეს ინფორმაცია, 2025 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ურუმჩიში დაგეგმილი „China-Eurasia Expo 2025“ შესახებ. მათ ხაზი გაუსვეს ხსენებული გამოფენის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
თავის მხრივ, პაატა კალანდაძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს მიწოდებული ინფორმაციისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მეწარმეები მიმდინარე წელსაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ზემოხსენებულ გამოფენაში. მან ხაზი გაუსვა მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მნიშვნელობას საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა საელჩოსა და ჩინეთ-ევრაზიის სასაქონლო და სავაჭრო გამოფენის ადმინისტრაციას შორის.