განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში
2025 წლის 13-19 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მინისტრი მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციას დაესწრო, რა დროსაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიების შემდეგ კი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ქ. პეკინში შეხვედრა გამართა ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ნანძინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის ხელმძღვანელობასაც შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების საკითხები მიმოიხილეს და ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
მინისტრი, ასევე, ეწვია კომპანია „ჰუავეის“ სათავო ოფისს და კომპანიის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომპანიის მიერ საქართველოს სკოლებში ე.წ. „ჭკვიანი საკლასო ოთახების“ მოწყობაზე, რაც სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მინისტრთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე.
