შეხვედრა ჩინეთის ნავთობისა და გაზის კვლევისა და განვითარების ეროვნული კომპანიის წარმომადგენლებთან
2024 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე შეხვდა “ჩინეთის ნავთობისა და გაზის კვლევისა და განვითარების ეროვნული კომპანიის” (China National Oil and Gas Exploration and Development Company Ltd.) ვიცე-პრეზიდენტს პუ ჰაიიანგს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსთან აღნიშნული კომპანიის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
ნავთობისა და გაზის კვლევისა და განვითარების ეროვნული კომპანია გახლავთ „ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაციის (CNPC)“ შვილობილი კომპანია. “CNPC” წარმოადგენს მსოფლიო უმსხვილეს ნავთობისა და გაზის მწარმოებელ და მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც პირველია ჩინურ ბაზარზე, ხოლო მსოფლიოს 50 უმსხვილეს ნავთობკორპორაციას შორის იკავებს მე-3 ადგილს. CNPC-ს მიერ ინვესტირებული და განხორციელებულია 90 პროექტი მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ამასთანავე კომპანია ჩართულია საინჟინრო-სამშენებლო და ნავთობმოპოვებით სამუშაოებში, როგორც ჩინეთის მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ.