საქართველოს საელჩოს მონაწილეობა სიანის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაში, 2025
2025 წლის 18 აპრილს, საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ნატალია კვაჭაძემ, მონაწილეობა მიიღო სიანის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენის (2025 Xi’an Silk Road International Tourism Expo) გახსნის ცერემონიასა და გამოფენის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
გამოფენა გაიმართა შანშის პროვინციის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, სიანის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში. წლევანდელი ღონისძიება ეძღვნებოდა თემას: „ტურიზმის მოხმარების ხელშეწყობა და ინდუსტრიის გააქტიურება“.
19 აპრილს, ნატალია კვაჭაძემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს ფორუმზე „ Belt and Road Tourism Cities Development Exchange Event “, რომელიც გამოფენის ერთ-ერთი საკვანძო სესია იყო. გამოსვლისას მან წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურიზმის სექტორის სტრატეგიულ განვითარებაზე, საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის დინამიკასა და საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის მრავალფეროვანი ტურისტული გამოცდილების მქონე ქვეყნის, შესაძლებლობებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 187 დელეგაციამ 23 ქვეყნიდან და რეგიონიდან, მათ შორის - აბრეშუმის გზის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა, რეგიონული მთავრობების სტრუქტურებმა, ტურისტულმა კომპანიებმა და მედიის წარმომადგენლებმა. საერთო ჯამში, ღონისძიებას დაესწრო დაახლოებით 91,500 ადამიანი.