საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა თეატრალური განათლების სფეროში
2025 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის ცენტრალური დრამის აკადემიის ვიცე პრეზიდენტთან, სიუ ჭენთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი და უნივერსიტეტის პედაგოგი, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორი, ნიკა საბაშვილი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 20-22 ოქტომბერს ქალაქ პეკინში „მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსის“ ეგიდით გამართულ „2025 წლის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში“ საქართველოს აღნიშნული უნივერსიტეტის მონაწილეობას. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
პეკინის ფესტივალზე უნივერსიტეტი მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით- „სიყვარულის მსუბუქი ფრთებით.“
2016 წელს დაარსებული „მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსი“ (WTEA) აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ თეატრალურ სკოლებს და ემსხურება განათლებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.
როგორც ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი მხარე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მეოთხედ მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალში.
2025 წლის 24 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ჩინეთის ქალაქ კუილინში, ქართული დასი ასევე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში ცნობილ თეატრალურ ღონისძიებაში „კუილინის ფესტივალი.“
