საქართველოს ელჩმა პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის ქართული ენის სტუდენტებს საელჩოში უმასპინძლა
2025 წლის 10 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ,საელჩოში, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის ქართული ენის სტუდენტების ჯგუფს უმასპინძლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტის აზიის სკოლის, ქართული ენის სწავლებისა და კვლევის ოფისის დირექტორი, ქართული ენის პედაგოგი, პო იუენი.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ახალგაზრდების მიერ ქართული და ჩინური ენების შესწავლის მნიშვნელობას. სტუდენტებმა შეასრულეს ქართული სიმღერა „ციცინათელა“ და პატარა პერფორმანსი, რომელიც უკვდავი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას ეძღვნებოდა. სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ტკბილეული და თითოეულ მათგანს გადაეცა სამახსოვრო სუვენირი.
ელჩმა და პო იუენმა განსაზღვრეს საელჩოსა და ხსენებულ სასწავლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯები.