ვიზიტი „ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაციაში“
2024 წლის 9 ივლისს, საელჩოს დესპანმა მამუკა ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ბიზნეს ტურში „ელჩები ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაციის პირისპირ (CNPC)“.
ბიზნეს ტურის ფარგლებში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა CNPC-ის თავმჯდომარემ ტაი ხოულიანგმა, ხოლო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჭანგ ტაოვეიმ მოკლე პრეზენტაცია გააკეთა CNPC-ის საქმიანობის, არსებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს აღნიშნული კომპანიის შვილობილი საწარმოები - Beijing Petroleum Machine Co Ltd; Kunlun Digital Technology Co Ltd.
„ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია (CNPC)“ წარმოადგენს მსოფლიო უმსხვილეს ნავთობისა და გაზის მწარმოებელ და მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც პირველია ჩინურ ბაზარზე, ხოლო მსოფლიოს 50 უმსხვილეს ნავთობკორპორაციას შორის იკავებს მე-3 ადგილს. CNPC-ის მიერ ინვესტირებული და განხორციელებულია 90 პროექტი მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ამასთანავე კომპანია ჩართულია საინჟინრო - სამშენებლო და ნავთობმოპოვებით სამუშაოებში მსოფლიოს 80 ქვეყანაში, რომელსაც მომსახურებას უწევს კომპანიის 1200 თანამშრომელი. კომპანიას აქვს მსხვილი წარმომადგენლობითი ოფისები ქ. ლონდონში და ქ. ჰიუსტონში. CNPC-ის ფინანსური აქტივი შეადგენს 1 ტრილიონ იუანს ($150,9 მილიარდი) ხოლო კომპანიის წმინდა მოგებამ 2023 წელს 195 მლრდი ($27.8 მილიარდი) იუანი შეადგინა.
საქართველოს საელჩოს დესპანს კომპანიის ხელმძღვანელობის გაცნობის და მათთან მოსაზრებების გაცვლის საშუალება ჰქონდა.