შეხვედრა კომპანია „Markor Investment Group Co., Ltd“-ში
2025 წლის 3 ივლისს საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე კომპანია „Markor Investment Group Co., Ltd“-ის პეკინის ოფისის ხელმძღვანელს, უ კუანგიაოს შეხვდა და პეკინის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში კომპანიის კონცეპტუალური საგამოფენო სალონის შენობა დაათვალიერა.
შეხვედრაზე ელჩმა და კომპანიის წარმომადგენელმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
აღნიშნული კომპანია თავის ხედვასა და მიზნებს დიდწილად უძველესი აბრეშუმის გზისა და მასზე განთავსებული ქვეყნების კულტურათა ერთმანეთთან დაკავშირებით აყალიბებს და დაინტერესებულია უფრო ახლოს გაეცნოს საქართველოს ხელოვნებასა და კულტურას.
„Markor Investment Group Co., Ltd“, 1990 წელს დაარსდა და ოპერირებს მრავალ ინდუსტრიაში, მათ შორის, თანამედროვე ლოგისტიკის, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში. აღნიშნულ კომპანიას მსოფლიოს 150 ქვეყანაში 3000-მდე მაღაზია-სალონი აქვს გახსნილი.