საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა
2025 წლის 23 მაისს, ქალაქ პეკინში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო St. Regis Beijing-ში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.
ღონისძიება საქართველოსა და ჩინეთის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ. ელჩმა, თავის სიტყვაში, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიულ მნიშვნელობასა და საქართველო-ჩინეთის მეგობრული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. მასპინძელი ქვეყნის მხრიდან სიტყვით გამოვიდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ლიუ პინი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში დინამიურად ვითარდება.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო კულტურული პროგრამა: ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბასიანმა“ შეასრულა ტრადიციული კომპოზიციები, ხოლო ჩინურმა საბავშვო გუნდმა “ANGEL CHOIR ”-მა – ქართული სიმღერა „ანო და ვანო“. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები. ღონისძიების სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის სტენდები, სადაც 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო გამოფენილი.
მიღებას ესწრებოდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩინეთის ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ჩინეთში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესისა და კულტურის სფეროს მოწვეული სტუმრები, მედიის წარმომადგენლები და ჩინეთში მცხოვრები ქართველი დიასპორის წარმომადგენლები.