ელჩი, არჩილ კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფებოდა კუეიჭოუს პროვინციის ქალაქ კუეიანგში
8-11 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფებოდა კუეიჭოუს პროვინციის ქალაქ კუეიანგში. ამავე პერიოდში, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე დელეგაციასთან ერთად, ეწვია აღნიშნულ პროვინციას.
9 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა, დელეგაციასთან ერთად გამართა შეხვედრა კუიჭოუს პროვინციის გუბერნატორთან ლი ბინგძუნთან, რომლის დასრულების შემდეგ, გუბერნატორების მიერ, კუეიჭოუს პროვინციასა და იმერეთის რეგიონს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ, რაც მოიცავს ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა მიმართულებებს.
საქართველოს ელჩი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მონაწილეობდა “China [Guizhou] International Alcoholic Beverages Expo“-ს გახსნის ცერემონიაში, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს, აღნიშნა საქართველოსა და ჩინეთის რეგიონებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა, ასევე, აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს ჩართულობა, რაც ხელს უწყობს ჩინეთის ამ რეგიონში ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას.
“China [Guizhou] International Alcoholic Beverages Expo“-ს ფარგლებში, წარმოდგენილი იყო საქართველოს პავილიონი, სადაც განთავსდა “იმერული ღვინის ასოციაციის“, “Wine Guard“-ისა და “დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ პროდუქცია.