საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოწვევით, გაიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით.
ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პეკინში, ქართული მხარე შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ვიცე- მინისტრს, ჩინეთის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სრულიად ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციის, ჩინეთის ქალთა უნივერსიტეტისა და პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს.
ამავე ვიზიტის მიმდინარეობისას, ქ. ხანგჭოუში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ ჩინეთის მხარესთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებში, მონაწილეობას იღებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე.
