პეკინში გაიმართა „Emotions Are Georgia - საქართველოს ოთხი სეზონის გამოცდილება“ ღონისძიების გახსნის ცერემონია
2025 წლის 17 ოქტომბერს, ქ. პეკინის ლონგფუსის მოედანზე (Longfusi Plaza) გაიმართა „Emotions Are Georgia - საქართველოს ოთხი სეზონის გამოცდილება“ ღონისძიების გახსნის ცერემონია, რომელსაც დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე.
მისასალმებელ სიტყვაში პაატა კალანდაძემ საქართველო-ჩინეთის მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მზარდ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში და ორმხრივი ვიზიტორების დინამიურ ზრდას, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას და კულტურული გაცვლის გამყარებას.
ღონისძიება, რომელიც გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე, აერთიანებს მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის საქართველოს ოთხი სეზონის თემატურ ტურისტულ სივრცეს, ღვინის დეგუსტაციის კუთხეს, კულტურულ წარმოდგენებსა და საინფორმაციო პრეზენტაციებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ ქართული ხალხური ცეკვების წარმოდგენას, გაეცნონ ქვეყნის ტრადიციულ მეღვინეობას და დააგემოვნონ ქართული ღვინო.
აღნიშნული ღონისძიება, ორგანიზებულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ჩინეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ჩინური მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები.