ქართული კულტურის ცენტრი ქალაქ ჭაოცინგში
2026 წლის 26 მაისს, ჩინეთის კუანგტუნგის პროვინციის ქალაქ ჭაოცინგში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩაის კულტურის ფუძემდებლის, ლაო ჯინჯაოს (ლიუ ძუნჭოუ) სახელობის ქართული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიალში.
მე-19 საუკუნის ბოლოს, ლაო ჯინჯაომ საქართველოში, კერძოდ აჭარაში საფუძველი ჩაუყარა ქართული ჩაის წარმოებას. მისი ხელმძღვანელობით წარმოებული ჩაის პროდუქცია აღიარებული იქნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ხოლო მეჩაიეობა ჯერ აჭარაში, შემდგომ კი საქართველოს სხვა რეგიონებში იქცა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგად.
საქართველოში თითქმის ოცდაათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ლაო ჯინჯაო დაბრუნდა ჩინეთში. ხაზგასასმელია, რომ მისი შთამომავლები, დღესაც ცხოვრობენ საქართველოში და აგრძელებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას.
ლაო ჯინჯაოს მშობლიურ ქალაქში ახლადგახსნილ ცენტრში მისულ სტუმრებს, მაღალტექნოლოგიური ციფრული გამოფენის მეშვეობით, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს შესახებ ისტორიულ თუ გეოგრაფიულ ცნობებს, საქართველოში ლაოს და მისი ოჯახის მოღვაწეობის ფაქტობრივ და ფოტო მასალებს, ქართული კულტურის სხვადასხვა ასპექტებს და ა.შ.
ქართული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ ქალაქის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, ასევე ლაოს ოჯახის მეხუთე თაობის შთამომავალი, პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი ლიუ ხაო.