საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამუშაო ვიზიტით შანტუნგის პროვინციის ქ. პინჭოუში იმყოფებოდა
2025 წლის 25-26 აპრილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია შანტუნგის პროვინციის ქ. პინჭოუს. ვიზიტის ფარგლებში, 25 აპრილს, ელჩმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) პინჭოუს კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფან ლიანშენგთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დინამიკა და იმსჯელეს რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის საქართველოსა და შანტუნგის პროვინციის, ასევე საქართველოსა და პინჭოუს ქალაქს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების განმტკიცებას, აგრეთვე განათლების სფეროში პარტნიორობის გაფართოებას. მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი დაინტერესება რეგიონული თანამშრომლობის პრაქტიკული გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ პინჭოუს განათლების ბიუროს დირექტორი იუ იანი, პინჭოუს სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორი ფეი მეი, შანტუნგის პროვინციის უცხოეთის საქმეთა კომიტეტის ოფისის მოადგილე სუნ იეპაო და ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორი ძი ცაიიუნი.