საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
2026 წლის 17-18 ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. პეკინში.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრთან, ლეი ხაიჩაოსთან. შეხვედრის ფარგლებში, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა, ასევე, მიიღო მონაწილეობა „ჩინური ტრადიციული მედიცინის მსოფლიო კონფერენციაში“, რომლის გახსნის ცერემონიას ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანგი დაესწრო. მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა კონფერენციის სამთავრობო ფორუმსა და „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში, ტრადიციული ჩინური მედიცინის განვითარების საკითხებზე გამართულ, მინისტრთა დონის, მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შედიოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პაატა კალანდაძე.
