საქართველო ჩინეთ-ევროპის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე
2024 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ, მონაწილეობა მიიღო ხეპეის პროვინციის ქ. ლანგფანგში გამართულ ჩინეთ-ევროპის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენის გახსნის ცერემონიაში. ელჩმა გამოფენის დამსწრეებს სიტყვით მიმართა. აღნიშნული ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა და თავი მოუყარა ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპერტებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ორმა ქართულმა კომპანიამ, რომელთა სტენდებიც საგამოფენო დარბაზის ცენტრალურ ნაწილში იყო განთავსებული. საქართველოს ელჩმა სხვა სტუმრების თანხლებით მოინახულა ქართული სტენდი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას და დაეგემოვნებინათ ქართული პროდუქცია.
ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალ წელს საქართველომ აღნიშნულ გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა.