საელჩოს დესპანის მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმში
2024 წლის 9-10 აგვისტოს, საელჩოს დესპანმა, მამუკა ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში Xi’an Silk Road International Tourism Expo. მამუკა ციხელაშვილი ღონისძიებაზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციით წარსდგა.
ტურისტული ფორუმი, ქ. სიანში, შაანსის პროვინციაში, ამავე პროვინციის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი საერთაშორისო ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავება, ინდუსტრიული ინტეგრაციის, ტურისტული და კულტურული პროდუქტების მოხმარების ხელშეწყობა, ისტორიული „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ მდებარე ქალაქების მდგრადი განვითარება და ადამიანებს შორის კონტაქტების ხელშეწყობა იყო. ღონისძიებაში მონაწილებდნენ შაანსის პროვინციის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციები და მოგზაურთა ასოციაციები. გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოეჩინათ თავიანთი ქვეყნების ტურისტული შესაძლებლობები, ასევე გაცნობოდნენ შაანსის პროვინციის ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს, დაემყარებინათ კონტაქტები პროვინციის ბიზნეს წრეებთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.