შეხვედრა „Tongcheng Travel Group“-ის წარმომადგენელთან
2025 წლის 21 იანვარს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, ნატალია კვაჭაძე, შეხვდა „Tongcheng Travel Group“-ის საერთაშორისო მარკეტინგის დირექტორს, მა ჭიძუნს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის შესაძლებლობებს აღნიშნული კომპანიის პლატფორმაზე, ასევე, განხილული იყო ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგის განხორციელების გზები. აღინიშნა, რომ გასული წლების სტატისტიკის მიხედვით, სულ უფრო იმატებს აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით საქართველოში გამგზავრებული ტურისტების რიცხვი. კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს ფრენების დაჯავშნის რაოდენობა 2.2-ჯერ, ხოლო სასტუმროების დაჯავშნის რაოდენობა 3.6-ჯერ გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რაც საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესს ადასტურებს.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით კომუნიკაციის გაგრძელებაზე.
„Tongcheng Travel Group“, რომელიც 2004 წელს დაარსდა, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ონლაინ ტურისტულ პლატფორმას ჩინეთში. კომპანია ყოველთვიურად 230 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. მისი მთავარი აქციონერები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა „Tencent” და „Ctrip“. კომპანია ჩინეთის 20 წამყვანი ტურისტული ჯგუფის სიაში შედის.