პეკინში სასტუმრო “Four Seasons“-ში, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება
2023 წლის 9 ივნისს, პეკინში სასტუმრო “Four Seasons“-ში, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება.
ღონისძიების დამწყებამდე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არჩილ კალანდიასა და ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს, ლი ხუეის შორის გაიმართა პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. არჩილ კალანდია ყურადღება გაამახვილა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ჩინეთთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე. თავის მხრივ, ლი ხუეიმ აღნიშნა, საქართველოსთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა.
მიღების დროს, “Angel Choir”-ის ბავშვების ვოკალურმა გუნდმა, შეასრულა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული სიმღერები, მათ შორის ქართულ ენაზე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 40-მდე ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია, მათ შორის, “თელავის ღვინის მარანი“, “დუგლაძე“, "თამადა" “ხოხბის ცრემლები“, “ხარება“, “ქინძმარაულის მარანი“, “თელედა“, “თბილღვინო“, “შატო ყვარელი“ “მოსმიერი“ და ა.შ.
ასევე, გაიმართა “აწარმოე საქართველოში“ და “Blumberg media Group“-ის მიერ მომზადებული, საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ საიმიჯო ვიდეოების ჩვენება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ჩინეთის სახელმწიფო უწყებების, ბიზნესის, კულტურის, მედიის, აკადემიური წრეების, პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.