ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვიზიტი ჩინეთში

13-15 ივნისს პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე იგორ აფციაური და საჰაერო ტრანსპორტირების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე გაჩეჩილაძე. ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ ჩინეთის საავიაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პირველი ვიზიტი ჩინეთში, ჩინელი კოლეგების მხრიდან ისტორული მნიშვნელობის ვიზიტად შეფასდა. ქართულმა მხარემ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ და საავიაციო ბაზრის უფრო ინტენსიურად ათვისების მიზნით, სააგენტოს დირექტორმა საქართველოში დაპატიჟა ჩინეთის ავიაციის ადმინისტრაციის უმაღლესი პირები. ასევე, ქართულმა მხარემ მიიღო ოფიციალური მიწვევა მიმდინარე წლის აგვისტოში ქალაქ ურუმჩიში დაგეგმილ საავიაციო ფორუმზე. შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისათვის. ჩინეთის ავიაციის ადმინისტრაციის მოწვევით, ურთიერთთანამშრომლობის მანძილზე, პირველად შედგა შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ჩინეთის ოთხ უმსხვილეს ავიაკომპანიის წარმომადგნელებს შორის („ჩინეთის ავიახაზები“, „ხაინანის ავიახაზები“, „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ და „ჩინეთის აღმოსავლეთ ავიახაზები“). სააგენტომ ავიაკომპანიებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციებისა და ლიბერალური საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შესახებ. განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებთან“ შეხვედრა. ერთი თვის წინ თბილისში დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შეხვედრაზე ავიაკომპანიამ ოფიციალურად განაცხადა ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი ქალაქის დამატებაზე გადაწყვეტილება. კერძოდ, მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან აღნიშნული ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარულ ფრენებს პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით, რის შედეგადაც ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის გაიხსნება პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა. ვიზიტის ფარგლებში ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთ მწარმოებელ კოპანის „სიაო მის“ და აგრეთვე, კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგნელობას, რომელიც საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებას გეგმავს. შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა მოისმინეს კომპანიის ანგარიში ავიაკომპანიის რეგისტრაციისათვის განხორციელებული და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სრული მხარდაჭერა აღუთქვა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ და მორიგი შეხვედრა თბილისში დაიგეგმა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ