ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

files/China/liii.jpg2014 წლის 9-13 სექტემბერს ჩინეთის  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეწვია. მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის შესაძლო განვითარების პერსპექტივები“, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის აქტუალობაზე, მათ შორის, გამოიკვეთა საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია გლობალურ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ამ კონტექსტში დისკუსიის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტების  შესახებ, მათ შორის - ანაკლიის ახალი პორტისა და ლოგისტიკური ცენტრის თაობაზე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს გაო ხუჩენსაც შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე, მათ შორის, ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის და საქართველოში ჩინური ინვესტიციების განხორციელებაზე  და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე.

11 სექტემბერს კი საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ლი ქე ციანის შეხვედრა შედგა.  მხარეებმა  ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობის განვითარების აუცილებლობასა და  არსებულ პოტენციალზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურიზმის მიმართულებით. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს ხელმძღვანელებს შორის დროული შეხვედრის აქტუალურობას.ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ქე ციანმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. საუბარი ასევე შეეხო  ახალი აბრეშუმის გზის პროექტს. ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი აღნიშნული გლობალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტში საქართველოს აქტიური მონაწილეობის შესახებ. კვირიკაშვილი ვიზიტის ფარგლებში სინძიან უიღურიის ავტონომიურ რეგიონსაც ეწვია. აქ იგი ავტონომიური რაიონის მთავრობის თავმჯდომარეს ნურ ბექრის შეხვდა.  შეხვედრას ადგილობრივი მთავრობის წევრები და რეგიონის დედაქალაქის, ურუმჩის, მერი ესწრებოდნენ. მხარეებმა სხვადასხვა  მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ინიციატივაზე დიდი "აბრეშუმის გზის" აღორძინების შესახებ და აღნიშნეს მისი დიდი მნიშვნელობა რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. 

კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. ჩინური კორპორაციების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საქართველოში შექმნილმა ბიზნეს-გარემომ და ასევე იმ შესაძლებლობებმა, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედება იძლევა. საუბარია ინვესტირებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა წარმოება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვა.

გიორგი კვირიკაშვილმა მოინახულა კორპორაცია "TBEA“-ს სათაო ოფისი და საწარმო, რომელიც ამზადებს ენერგეტიკის სფეროში დანადგარებს და ამ მხრივ, ჩინეთის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესია. ვიცე-პრემიერმა „TBEA“-ის ხელმძღვანელობას საქართველოში წარმოების გახსნა შესთავაზა.

ვიზიტის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქ ურუმჩის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონა დაათვალიერა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ