საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჩინეთში ალექსანდრე გელაშვილის ნახატებისა და ქანდაკებების გამოფენა გაიმართა

4-6 ნოემბერს, ჩინეთში საქართველოს საელჩოს დესპანი დავით პიპინაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ძიანსუს პროვინციის ქ. ფიჭოუში (Pizhou, Jiangsu province), სადაც მონაწილეობდა გინგკოს საერთაშორისო კონფერენციაში (Third International Gingko Conference). ქალაქის მთავრობის ხელმძღვანელობასთან ერთად, კონფერენციას ესწრებოდნენ საქმიანი, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების, ასევე დიპლომატიური კორსპუსის წარმომადგენლები.
საელჩოს ინიციატივით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წლების განმავლობაში ჩინეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ალექსანდრე გელაშვილის ნახატებისა და ქანდაკებების გამოფენა, რამაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მის მხატვრულ ნამუშევრებთან ერთად, ასევე მოეწყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენიალის ამსახველი ბანერების პრეზენტაცია.
დავით პიპინაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა, რომლის დროსაც ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალსა და „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე.
ალექსანდრე გელაშვილზე საუბრისას დავით პიპინაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხელოვანის მნიშვნელოვანი წვლილი ორ ქვეყანას შორის კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების განვითარების საქმეში.
ალექსანდრე გელაშვილი იყო ჩინეთში გამართული მრავალი ფესტივალებისა გამარჯვებული, ხოლო ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული თანხის დიდ ნაწილს საქველმოქმედო საქმიანობას ახმარდა.
საელჩო გეგმავს ჩინეთის სხვა ქალაქებშიც მისი გამოფენების ორგანიზებას და ხსენებულ ღონიძიებებში სხვა ქართველი ხელოვანების ჩართვას.