საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა პეკინში

2018 წლის 25 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმრო “Beijing Marriot Hotel Northeast”-ში, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პეკინში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჩინეთის პროვინციებიდან და ქალაქებიდან (შაანსი,ჭეძიანი, სინძიანი, თიენძინი) ჩამოსული სტუმრები. აგრეთვე, მეცნიერების, ბიზნესისა და მასმედიის სფეროების წარმომადგენლები, ჩინეთში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წევრები და სტუდენტები. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით აფციაურმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჭანგ ჰანჰუეიმ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიული განვითარებისათვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის მნიშვნელობა, ელჩის განცხადებით, “საქართველო მტკიცედ ატარებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმების კურსს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ინტეგრაციის საფუძველზე“. ასევე, ხაზი გაუსვა, საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო წლებში თანამშრომლობის გააქტიურებას, ამ მხრივ პოზიტიურ დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს. დავით აფციაურმა ჩინეთში მისი საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, მადლობა გადაუხადა ჩინელ პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს საელჩოს შემადგენლობას, ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჭანგ ჰანჰუეიმ აღნიშნა ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების მაღალი დონე, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა “სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური პროექტების დაწყების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, ხაზი გაუსვა იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია ორივე სახელმწიფოს, სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. აღნიშნა, საქართველოს ელჩის მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიების დროს, გაიმართა საზეიმო კონცერტი, თბილისის მერიასთან არსებული ჯაზ-ბენდის, მაია ბარათაშვილის, გიგი ჭიპაშვილისა და მარიამ ჯომარდიძის მონაწილეობით. გარდა ამისა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საელჩოს მიერ ორგანიზებულ იქნა ფოტო - გამოფენა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ასლები. მიღების ფარგლებში, ჩინეთში ქართული ღვინის გავრცელების ხელშეწყობის ცენტრის მიერ მოეწყო ქართული ღვინის პრეზენტაცია/დეგუსტაცია. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული კერძებიც. გაიმართა ვიდეო-ფილმების ჩვენებაც.